გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნიკოლას მადუროს დაკავების დაგეგმარების რამდენიმეთვიანი პროცესი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის გარეშე წარმართა.
საკითხზე ინფორმირებული პირების თქმით, მიზეზი გაბარდის წარსული პოზიციები გახდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ იგი ვენესუელაში სამხედრო სპეცოპერაციას მხარს არ დაუჭერდა.
სამი წყაროს ცნობით, შეხვედრებიდან გაბარდის გამოტოვების გეგმა იმდენად ცნობილი იყო, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები ხუმრობდნენ, რომ მისი თანამდებობის აკრონიმი, DNI (ეროვნული დაზვერვის დირექტორი) სინამდვილეში "არ დაპატიჟოს" (Do Not Invite, DNI) ნიშნავდა.
ცნობისთვის, გაბარდი 2019 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ დემოკრატი კონგრესმენი იყო, ამბობდა, რომ აშშ ვენესუელას უნდა მოერიდოს, ხოლო სულ რაღაც ერთი თვის წინ "ომისმოყვარე ძალებს" აკრიტიკებდა.
მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ სურათებში პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, სტივენ მილერი ჩანან, თუმცა, მათ რიგებში გაბარდი არ ჩანს.
წყაროების მიხედვით, გასული წლის ზაფხულს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმებიდან ერთი კვირის თავზე, ტრამპი გაბრაზდა მას შემდეგ, რაც გაბარდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ მსოფლიო იმაზე უფრო ახლოს იყო ბირთვულ ომთან, ვიდრე არასდროს.
ამასთანავე, ტრამპმა 2025 წლის 17 ივნისს რეპორტიორებს განუცხადა, რომ "არ აინტერესებდა" გაბარდის ნათქვამი, ვინაიდან 13 ივნისს ისრაელის იერიშებამდე ირანი "ძალიან ახლოს" იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან.
"თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ თქვენი აზრით, ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ახლოს იყვნენ ისინი მის შექმნასთან, რადგან ტულსი გაბარდმა მარტში ჩვენება მისცა, რომ სადაზვერვო სტრუქტურების მიხედვით, ირანი ბირთვულ იარაღს არ ქმნიდა" - ჰკითხა ტრამპს რეპორტიორმა.
აღნიშნულ კითხვას კი აშშ-ს პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: "არ მაინტერესებს, რა თქვა მან [ტულსი გაბარდმა]. ისინი [ირანი] ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვული იარაღის შექმნასთან".





