უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 5 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებას დადებითი გავლენა ექნება მსოფლიოს ენერგობაზარზე და დაამატა, რომ აღნიშნული ნაბიჯის შედეგად აშშ და ვენესუელა ერთობლივად მსოფლიოს ნავთობის რეზერვების თითქმის ნახევარს გააკონტროლებენ.
"აქედან უნგრეთისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ, ჩემი გათვლებით, მსოფლიოს ნავთობის რეზერვების 40-50%-ის გაკონტროლებას შეძლებს." - განაცხადა ორბანმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
"ეს არის ძალა, რომელსაც უკვე შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ენერგიის მსოფლიო საბაზრო ფასზე... ვხედავ დიდ შანსს, რომ ვენესუელაზე კონტროლის დამყარების შედეგად, ენერგეტიკის მხრივ უნგრეთისთვის უფრო ხელსაყრელი გლობალური ვითარება აღმოცენდება და ეს კარგი ამბავია." - განმარტა ორბანმა.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.
- მადურო მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ - ტრამპი
-
მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის სასამართლო სხდომა გაიმართა
მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.
"მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ" - უთხრა მადურომ მოსამართლეს.
მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ შემდეგი სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.





