აქციები ირანში

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს პასუხად ისრაელსა და აშშ-ს ობიექტებზე იერიშით იმუქრება

www.ncr-iran.org

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და ისრაელზე თავდასხმით დაიმუქრა და პრევენციული ზომების შესაძლებლობა არ გამორიცხა

ამის შესახებ ყალიფაბმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. ყალიბაფი ისრაელს "ოკუპირებულ ტერიტორიად" მოიხსენიებდა. 

"ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, ისევე რეგიონში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ცენტრი, ბაზა და ხომალდი ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე იქნება. ჩვენ თავს არ შევიზღუდავთ მხოლოდ ქმედების შემდგომ საპასუხო რეაგირებით და ვიმოქმედებთ საფრთხის ნებისმიერ ობიექტურ ნიშნებზე დაყრდნობით". - თქვა ყალიბაფმა. 

ამასთან, ყალიბაფმა პოლიცია და ირანის პარამილიტარული რევოლუციური გვარდია "ბასიჯი" შეაქო. მისი თქმით პროტესტის დროს ირანის პოლიციას "მტკიცე პოზიცია უკავია".

"ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ უკიდურესად მკაცრად მოვექცევით და დავსჯით ყველას, ვინც დაკავებულია". - განაცხადა ყალიბაფმა.

ცნობისთვის, ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა და მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნენ, აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა. 

"ირანი თავისუფლებას უყურებს, ალბათ ისე, როგორც არასდროს, აშშ მათ გვერდით დგას დასახმარებლად". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 10 იანვარს.

"[...] მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს". - თქვა ტრამპმა მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას

პარალელურად, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი. 

გამოცემა Wall Street Journal-ს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ირანზე შესაძლო იერიშების შესახებ წინასწარი დისკუსიები უკვე გაიმართა. 

წყაროების ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ირანულ სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო იერიში განიხილება. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ჯერჯერობით ადმინისტრაციაში კონსენსუსი არ არსებობს და ამ ეტაპზე იერიშის მიზნით რეგიონში სამხედრო აღჭურვილობის ან სამხედროების გადაგზავნა არ მომხდარა. 

ამას გარდა, ისრაელელი ჟურნალისტი, ამიტ სეგალი ამბობს, რომ ისრაელში მიიჩნევენ, რომ ტრამპი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას საპასუხო ქმედებებსაც მოაყოლებს. 

ამ ფონზე 10 იანვარს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა რომ უსაფრთხოება "წითელ ხაზს წარმოადგენდა" და არმიამ დაიფიცა, რომ საზოგადოებრივ საკუთრებას დაიცავდა. 

IRGC-ს განცხადებით, 1979 წლის ისლამური რევოლუციის მონაპოვარი და ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება "წითელ ხაზს" წარმოადგენს. არმიამ დაამატა, რომ არსებული ვითარების გაგრძელება მიუღებელი იყო. 

კომენტარები