ილონ მასკის კომპანია Space X-მა ირანში Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა. ინფორმაციას CNN ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ირანში Starlink-ის მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება.
ტექნოლოგიური ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელი დირექტორის, აჰმად აჰმადიანის თქმით, ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც მანამდე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.
ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა 8 დღის წინ შეუზღუდა.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.





