გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო აქციების პარალელურად, ქურთი შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყიდან ირანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
Reuters-ს სამი ანონიმური წყარო, მათ შორის, ერთი მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი, უდასტურებს, რომ თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ბოლო დღეებში ქურთი მებრძოლების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შესახებ გააფრთხილა.
წყაროს თქმით, მებრძოლები სავარაუდოდ ერაყიდან და თურქეთიდან იყვნენ მოსული.
ირანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქურთი მებრძოლები შეაჩერა. მისი თქმით, მათი მიზანი მიმდინარე პროტესტების გამოყენება და არეულობის მოწყობა იყო.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.
ხოლო 13 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს მიმართა და მათ საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. დემონსტრამტებს ტრამპმა ასევე აცნობა, რომ "დახმარება გზაშია."
"ირანელო პატრიოტებო - გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები - ისინი დიდ საზღაურს გადაიღდიან. ირანელებთან ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.





