რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: რუსეთი "ორეშნიკებს" ბელარუსში, სავარაუდოდ, ყოფილ აეროდრომზე განალაგებს

Planet Labs/Middlebury/Handout via REUTERS

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი, დიდი ალბათობით, აპირებს, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა (IRBM) "ორეშნიკი" აღმოსავლეთ ბელარუსში, ყოფილ აეროდრომზე განალაგოს. გამოცემის ცნობით ამ დასკვნამდე ორი ამერიკელი მკვლევარი სატელიტური სურათების შესწავლის შემდეგ მივიდა. 

ამასთან, საკითხზე ინფორმირებულმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ მკვლევრების დასკვნები მეტწილად თანხვედრაშია აშშ-ს დაზვერვის ცნობებთან. 

პუტინმა გასული წლის დეკემბერში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ორეშნიკის" ბელარუსში განთავსება 2025 წლის მეორე ნახევარში იყო შესაძლებელი. ხოლო გასულ კვირას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ "ორეშნიკის" პირველი რაკეტები ქვეყანაში უკვე განლაგებულია, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია მათი ადგილმდებარეობა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში 10-მდე "ორეშნიკის" განთავსება მოხდება. ამერიკელი მკვლევრების შეფასებით, ხსენებულ ყოფილ აეროდრომზე მხოლოდ სამი გამშვები პუნქტის განთავსებაა შესაძლებელი და შესაძლებელია, რომ "ორეშნიკის" დანარჩენი გამშვები პუნქტები სხვაგან იყოს განლაგებული.

Chatham House-ის ექსპერტმა, ჯონ ფორმენმა აღნიშნა, რომ ბელარუსში "ორეშნიკის" განთავსების მიზანი ევროპაში მისი მოქმედების რადიუსის კიდევ უფრო გაფართოებაა.

ფორმენმა ასევე დაამატა, რომ მისი აზრით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს რუსეთის რეაქციას აშშ-ს მხრიდან გერმანიაში კონვენციური რაკეტების, მათ შორის, საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი Dark Eagle-ის გეგმურ განთავსებაზე. 

კომენტარები