ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას ეწვია და სამხედროებს შეხვდა.
გაგლოევის პრესსპიკერ ნატალია ბოსიკოვას ინფორმაციით, გაგლოევმა ფრონტის ხაზზე მებრძოლი რუსი სამხედროების "ყოველდღიურ საჭიროებებისთვის" ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა.
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის პრესსამსახურის თქმით, გაგლოევმა ყურადღებით მოისმინა მებრძოლთა სურვილები და პრობლემები, მათ მხარდაჭერა დაუდასტურა და ყველა მოთხოვნაზე ოპერატიული რეაგირების მზადყოფნა გამოთქვა.
"დასახული ამოცანების შესრულებასა და გამარჯვებაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო მომავალი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იყო, არის და იქნება ჩვენს საერთო დიდ სამშობლოსთან, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, თქვენს გვერდით. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და არ გვეპარება ეჭვი, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება," - თქვა ალან გაგლოევმა.





