ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის გაუქმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა კომიტეტის გადაწყვეტილება იყო.
მისი თქმით, ეს იყო ქართული მხარის ნების გაცხადება, რომ "მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის". ბოჭორიშვილი ამბობს, რომ იყო ქმედებები, "რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ არ ყოფილა ამ შეხვედრის ჩატარება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განზრახვა".
რაც შეეხება მიზეზებს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ "მინიშნება გაკეთდა დელეგაციის შემადგენლობაზე".
"საუბარი იყო დელეგაციაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე, ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პრეროგატივა საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხებიც იყო და არის ევროკავშირის მხრიდან მოწოდებულ დღის წესრიგში, იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და ბუნებრივია, დელეგაცია შედგა სწორედ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე. შესაბამისად, რაიმე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შეგდენაზე, არასწორად დაკომპლექტებაზე, არის უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელი ქართული მხარისთვის.
რაც შეეხება სანქციების თემას, აქ გაჟღერდა, რომ დელეგაციაში იყო საქნცირებული პირი. არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქე ეროკავშირის მხრიდან სანქცირებული". - თქვა ბოჭორიშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირი რომლის გამოც შეხვედრა გადაიდო ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. დარახველიძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ, ასევე ბალტიის ქვეყნების მხრიდანაც.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალექსანდრე დარახველიძეს დაწესებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანქციები, ბოჭორიშვილმა უპასუხა: - "რა მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა იმიტომ არის ერთსულოვანი, იმიტომ სჭირდება ყველა წევრის თანხმობა, რომ ეს უნდა ამოძრავებდეს ბრიუსელს თავის გადწყვეტილებებში".
"ჟურნალისტი: თქვენ მოგთხოვეს, რომ დარახველიძე ამოღებულიყო დელეგაციიდან?
ბოჭორიშვილი: არა, ამაზე ასეთი მოთხოვნები ვერ იქნებოდა. შეიძლება მინიშნებები იყო დელეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი კონკრეტული მოთხოვნა ბუნებრივია ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო. მარტივი მიზეზის გამო, ევროკავშირის მხრიდან სანქციადაწესებული საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის".
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მათ შეხვედრის გადადებამდე ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღეს, თუმცა საგარეო ქმედებათა სამსახურიდან გასაჯაროვებული ინფორმაცია სხვაგვარი იყო.
"რამდენიმე დღით ადრე, ჩვენ მოგვივიდა გზავნილი, რომ ეს შეხვედრა უნდა გადადებულიყო, თუმცა დრო იყო კიდევ, რომ თუკი პრობლემატური იყო გარკვეულ საკითხებზე მომხდარიყო შეჯერება, თუმცა ინფორმაცია, რომელიც საგარეო ქმედებათა სამსახურიდან გასაჯაროვდა და გამოვიდა მედიაში იყო სხვაგვარი ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე.
ეს გვაფიქრებინებს, რომ ევროკავშირის მხარეს, რომელიც ამ შემთხვევაში საგარეო ქმედებათა სამსახურით მოქმედებდა, არ ჰქონდა გულწრფელი სურვილი ამ შეხვედრის ჩატარების. თუმცა არც აქ სრულდება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები, რაც უფრო მეტი ქვეყანა და წევრი სახელმწიფო გააცნობიერებს ევროკავშირის საგარეო ქემდებათა სამსახურის პოლიტიკის არასწორ მიმართულებას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მით უფრო ცხადი გახდება ის, რომ საქართველოსთან დიალოგი გარდაუვალია". - თქვა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს რეალპოლიტიკის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
გამოცემის ცნობით, მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.





