ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა. დარახველიძე ამბობს, რომ შეხვედრა ევროკავშირმა "გაუგებარი მიზეზით" გადადო.
"ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული დიალოგი იყო დაგეგმილი. სანქცირებაზე საუბარი უადგილოა. მათ კონკრეტული საკითხები მოგვაწოდეს, რაზეც საუბარი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, განისაზღვრა უწყებები, რომლებიც მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავ, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს გასცემდნენ.
სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ ამ პასუხების მოსმენა თავად აღარ ისურვეს, შესაბამისად, ეს დიალოგი გადაიდო. როცა კონკრეტული დიალოგისთვის მზაობა იქნება, საქართველოს მთავრობა და თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც ამ დიალოგს დაესწრება, პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვაზე, რაც მათ აქვთ. გაუგებარია, ეს გადაწყვეტილება რა მიზეზით მიიღეს. მათ არაფერი აუხსნიათ". - თქვა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრის გაუქმების მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა, დარახველიძემ უპასუხა, რომ ასეთი მიზეზი ოფიციალურად მათთვის არავის დაუსახელებია.
ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, დასანქცირებული პირი, ვის გამოც ეს შეხვედრა გაუქმდა, სწორედ ალექსანდრე დარახველიძეა.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს რეალპოლიტიკის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
გამოცემის ცნობით, მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.





