ისრაელის ომი ტერორიზმთან

იემენელმა ჰუსიტებმა მიანიშნეს, რომ ისრაელსა და საზღვაო მიმოსვლაზე თავდასხმები შეწყვიტეს

AP Photo

იემენელმა ჰუსიტებმა ჰამასის ალ-ქასამის ბრიგადებისადმი მიწერილ დაუთარიღებელ წერილში, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ონლაინ გამოაქვეყნა, მიანიშნა, რომ წითელ ზღვაში ისრაელისა და სატვირთო გემების წინააღმდეგ იერიშების მიტანა შეწყვიტეს. 

"ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ თუ მტერი გააგრძელებს ღაზის წინააღმდეგ აგრესიას, ჩვენ დავუბრუნდებით სამხედრო მოქმედებებს სიონისტური ერთეულის სიღრმეში და აღვადგენთ წითელ და არაბეთის ზღვებში ისრაელის ნავიგაციაზე აკრძალვას." - წერს ჰუსიტების სამხედრო მეთაური, იუსუფ ჰასან ალ-მადანი.

ჰუსიტებმა ისრაელსა და საზღვაო მიმოსვლაზე იერიშები 2023 წლის ნოემბერში დაიწყეს, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა. 

მას შემდეგ იემენურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 130-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, ათეულობით ფრთოსანი რაკეტა და დრონები გაუშვა.  2024 წლის ივლისში ერთ-ერთ ასეთ იერიშს თელ-ავივში სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ რამდენიმე დაშავდა, რის პასუხადაც ისრაელმა იემენში პირველი იერიში მიიტანა. 

თავის მხრივ, საპასუხო კამპანიის ფარგლებში ისრაელმა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშები 19-ჯერ მიიტანა. 

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, 10 ოქტომბერს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ ტერორისტულ დაჯგუფებას თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აღარ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელზე ჰუსიტების მხრიდან ბოლო სარაკეტო იერიში 5 ოქტომბერს იყო, ხოლო დრონებით იერიში - 7 ოქტომბერს. 

კომენტარები