ისრაელის ომი ტერორიზმთან

ლიბანში ისრაელის სამიზნე ირანული დაჯგუფების მეთაური იყო; IDF-მა 135-მდე ობიექტს დაარტყა

ისრაელის საჰაერო იერიშები ბეირუთში, ლიბანი, 26 ნოემბერი, 2024
Bilal Hussein/AP

ისრაელური მედიის ინფორმაციით, 28 მაისს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის მიერ მიტანილი საჰაერო იერიშის სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების იმამ ჰუსეინის დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური იყო. 

Jerusalem Post-ს წყარომ აცნობა, რომ ალი ალ-ჰასანი ირანული დაჯგუფების სარაკეტო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. 

იმამ ჰუსეინის დანაყოფი ჰეზბოლასა და ყუდსის ძალებს შორის კოორდინაციაშია ჩართული და ლიბანში ჰეზბოლას პარალელურად მოქმედებს. 

Times of Israel-ის მიხედვით, პირველადი ინფორმაციით უცნობია, ემსხვერპლა თუ არა ალი ალ-ჰასანი ისრაელის დარტყმას. 

27-28 მაისის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას 135-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, რის ფარგლებშიც განადგურდა დაჯგუფების 10-მდე გამშვები ობიექტი და საწვრთნელი ბანაკიც. 

27 მაისის ღამის საათებში კი IDF-მა ლიბანის ქალაქ ტვიროსში ჰეზბოლას 15-მდე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა. ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალებმა ტერორისტული უჯრედი გაანადგურა, როდესაც ისინი რაკეტების გამშვებ ობიექტს ტოვებდნენ. 

კომენტარები