ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმიას ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშების "გაძლიერება" უბრძანა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან დრონებით გახშირებული თავდასხმის ფონზე, აშშ ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის უფრო მასშტაბურ ოპერაციას არ შეეწინააღმდეგებოდა.
"ჰეზბოლასთან ომში ვართ. ბოლო კვირებში ჩვენმა მებრძოლებმა 600-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს, მაგრამ ჩვენ ტემპს არ მოვუკლებთ. პირიქით, მათ ვუბრძანე, რომ [იერიშები] კიდევ უფრო გააძლიერონ." – თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას.
"ჩვენ მათ დავარტყამთ. დიახ, ისინი დრონებით თავს გვესხმიან, კიბერმხარდაჭერით, და ამაზე ჩვენი სპეციალური ჯგუფი მუშაობს – ამასაც მოვაგვარებთ, თუმცა, ამისთვის ჩვენი მხრიდან დარტყმების გაძლიერება და ძალის გაზრდაა საჭირო. ჩვენ მათ გადამწყვეტ დარტყმას მივაყენებთ." – დაამატა მან.
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეების წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს. ლიბანურმა წყაროებმა კი აღნიშნეს, რომ ხალხმა ბეირუთის სამხრეთის გარეუბნებიდან, რომელიც ჰეზბოლას სიმაგრედ ითვლება, გაქცევა დაიწყო.
პარალელურად, ისრაელში ჩრდილოეთის საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი თემების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ 26 მაისს სკოლები დაიხურებოდა. წინა დღით, 25 მაისს, ჩრდილოეთ ისრაელში უპილოტო საფრენი აპარატი სახლს დაეცა, ხოლო ფეთქებადმა დრონმა ერთ-ერთ სოფელში სკოლის ავტობუსი დააზიანა. მანამდე დრონით თავდასხმას ემსხვერპლა ისრაელელი სამხედროც.
"ჰეზბოლამ არაერთხელ უგულებელყო ისრაელის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნები, მათ შორის, ბოლო ულტიმატუმიც. ისრაელის მიმართ არასდროს იქნება მოლოდინი, რომ პასიურად უყურონ თავიანთ ძალებსა და მოსახლეობაზე თავდასხმებს. ეს ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის." – განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Times of Israel-ს.




