20 ოქტომბერს აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, ეროვნული გვარდიის სამხედროები ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში გაგზავნოს მიუხედავად იმისა, რომ შტატისა და ქალაქის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან.
აშშ-ს მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა, შეჩერებულიყო ქვედა ინსტანციის სასამართლოს ბრძანება, რომლითაც სამხედროების გაგზავნა დაიბლოკა მანამ, სანამ ტრამპის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პორტლენდში ეროვნული გვარდიის გაგზავნა შესაფერისი პასუხია დემონსტრანტებისთვის, რომლებმაც ფედერალური შენობა დააზიანეს და ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის თანამშრომლებს დაემუქრნენ.
გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს ოლქის მოსამართლეებმა, ბრიჯიტ ბეიდმა და რაიან ნელსონმა, რომლებიც ტრამპმა თანამდებობაზე პირველი ვადით პრეზიდენტობისას დანიშნა. ხოლო მოსამართლე სიუზან გრაბერი, რომელიც პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დანიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
პარალელურად, ტრამპმა აშშ-ს უზენაეს სასამართლოს მიმართა, რათა განიხილონ მისი უფლებამოსილება ქალაქებში სამხედროების გაგზავნის შესახებ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთმა სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა მისი გადაწყვეტილება ჩიკაგოში სამხედროების გაგზავნის შესახებ.





