საქართველო-რუსეთი

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთზე: მჯერა, რეგიონულ უსაფრთხოებაში თანამშრომლობას გავაღრმავებთ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ვლადიმირ პუტინის წერილი წაიკითხა

ბადრა გუნბასთვის მიმართვაში პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონთან "რეგიონული უსაფრთხოების" სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს.

"პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ, აფხაზეთის რესპუბლიკის პატივცემულო მოქალაქეებო მიიღეთ ჩემი გულთბილი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დღესასწაული განასახიერებს სიმამაცესა და გამძლეობას აფხაზი ხალხისა, რომელმაც რთულ ბრძოლაში დაიცვა საკუთარი კანონიერი უფლება, ჰქონოდათ თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრება.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა წარმატებულად ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველა მიმართულებით, ასევე კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტაბილურობაში.

გუსურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და წარმატებებს, აფხაზეთის ყველა მოქალაქეს კი, მშვიდობასა და კეთილდღეობას." - ნათქვამია კირიენკოს მიერ ციტირებულ ტექსტში.

კირიენკო წელს ოკუპირებულ აფხაზეთს მეექვსეჯერ ეწვია.

გასულ კვირებში კირიენკო ოკუპირებულ ცხინვალსაც ესტუმრა და სეპარატისტების ე.წ. რესპუბლიკის დღე აღნიშნა.

2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.

დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ ოთხჯერ ჩავიდა.

კომენტარები