საქართველო-რუსეთი

პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში წელს მეექვსეჯერ ჩავიდა

სერგეი კირიენკო და ბადრა გუნბა

ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო კვლავ ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა. ეს საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წელს მისი მეექვსე ვიზიტია. გასულ კვირებში კირიენკო იმყოფებოდა ოკუპირებულ ცხინვალშიც.

პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი სოხუმში ე.წ. დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიებზე დასასწრებად 29 სექტემბერს ჩავიდა. სეპარატისტების მარიონეტული რეჟიმი ამ დღეს 30 სექტემბერს აღნიშნავს.

კირიენკო მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა. მათ მოინახულეს ოკუპირებულ სოხუმში მდებარე სარკინიგზო სადგური, რომელიც მათი ერთობლივი "საერთაშორისო" პროექტის, "აფხაზეთის საზღვრების" ნაწილი იქნება. ეს პროექტი თავდაპირველად ამ წლის აგვისტოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კირიენკოს წინა ვიზიტის დროს წარადგინეს. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, "აფხაზური საზღვარი" აერთიანებს "სპორტულ და კულტურულ" ღონისძიებებს.

"მონაწილეებს ელით მასტერკლასები, კონცერტები და ეთნოპროგრამა, რომელიც სტუმრებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ აფხაზეთის ეროვნულ ტრადიციებს." - წერს პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი.

ასევე, იგივე მედია აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანი რუსი და "ახლო საზღვარგარეთის" სპორტსმენების მოზიდვა და "შიდა ტურიზმის" წახალისებაა.

კირიენკომ და გუნბამ სოხუმის სანაპიროს "კეთილმოწყობის" საკითხიც გაიხილეს.

გასულ კვირებში კირიენკო ოკუპირებულ ცხინვალსაც ესტუმრა და სეპარატისტების ე.წ. რესპუბლიკის დღე აღნიშნა.

2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.

დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ ოთხჯერ ჩავიდა.

 

კომენტარები