აშშ

აშშ-ში, სატელევიზიო სადგურის, ABC10-ის შენობისთვის სროლაში ბრალდებული პირი დააკავეს

KCRA

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში, სატელევიზიო სადგურის, ABC10-ის შენობისთვის სროლაში ბრალდებული პირი, 64 წლის ანიბალ ჰერნანდეს სანტანა დააკავეს

მანამდე, 19 სექტემბერს სატელევიზიო სადგურის შენობის ფანჯრებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

პოლიციის ცნობით, სანტანას ბრალად ედება მომაკვდინებელი იარაღით თავდასხმა, ადამიანებით დაკავებულ შენობაში სროლა და უყურადღებო მოპყრობის შედეგად შემთხვევითი გასროლა. 

სატელევიზიო სადგურის მფლობელი კომპანიის, Tegna-ს ცნობით, ABC10-ის თანამშრომლები სროლის შედეგად არ დაშავებულან. 

"მართალია, დეტალები მცირეა, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი თანამშრომელი უსაფრთხოდაა და არ დაზიანებულა. სამართალდამცავებთან სრულად ვთანამშრომლობთ და დამატებითი ზომები მივიღეთ, რათა ჩვენი თანამშრომლების განგრძობადი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ". - თქვა Tegna-ს სპიკერმა CNN-ისთვის მიცემულ განცხადებაში. 

ბრალდებული ამჟამად საკრამენტოს საოლქო ციხეში არის დაკავებული და $200 000-იანი გირაო აქვს შეფარდებული. მისი სასამართლო 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ საკრამენტოს პოლიციის დეპარტამენტს გამოძიებაში ეხმარებიან. 

როგორც გამოცემა წერს, ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა, ენტონი გემბლმა განაცხადა, რომ პოლიცია ციფრულ მასალას გამოიკვლევს, რათა გაარკვიოს, მიუღია თუ არა ბოლო დროს სატელევიზიო სადგურს რაიმე სახის მუქარები. 

"ყოველთვის დაუშვებელი უნდა იყოს, რომ ვინმემ მანქანით ჩაიაროს რაიმე სახის ბიზნესთან, არა თუ მედია-პარტნიორთან და შენობას ესროლოს".- თქვა გემბლმა.  

სამართალდამცავებს მსროლელის მოტივი ჯერჯერობით არ დაუდგენიათ

ცნობისთვის, 18 სექტემბერს სატელევიზიო სადგურის იგივე შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც ამავე დღეს ტრამპის მოკავშირისა და კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ გამონათქვამების გამო, ჯიმი კიმელის გადაცემა - Jimmy Kimmel Live - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს

კომენტარები