ისრაელის განცხადებით, 16 სექტემბერს ქვეყნის საჰაერო ძალებმა იემენელი ჰუსიტების კონტროლქვეშ არსებულ ჰოდეიდას პორტზე იერიშის ფარგლებში ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის არმიამ პორტისთვის საევაკუაციო ბრძანება გასცა. ხოლო რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოს ბოლოს, იემენში ისრაელის იერიშს ჰუსიტი მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.
-
ისრაელმა იემენში, სავარაუდოდ, ჰუსიტების ლიდერებზე იერიში მიიტანა
-
მედია: იემენში ისრაელის საჰაერო იერიშებს ჰუსიტების პრემიერი ემსხვერპლა
ჰუსიტებთან აფილირებული Al Masirah TV-ის ცნობით, ისრაელის 12 იერიშის სამიზნე ჰოდეიდას პორტის ნავმისადგომები იყო. ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ იერიშების სამიზნე სამი ნავმისადგომი იყო, რომლებიც წინა ისრაელის დარტყმების შემდეგ აღადგინეს. ადგილობრივებმა გამოცემას უთხრეს, რომ ისრაელის იერიში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
"ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაცია გააგრძელებს დარტყმების მიღებას და მტკივნეულ ფასს გადაიხდის ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობისთვის," დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე.





