საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების ბრალდებით კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება. TI აღნიშნავს, რომ "საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება ადმინისტრაციული წესით. კერძოდ, ასეთი ქმედება, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით".
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს, რომ ადმინისტრაციული სამართლით აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა სამართლის რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს და ელენე ხოშტარიას სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დაკავება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოხატულება.
"რამდენიმე დღის წინ იგივე ქმედებისათვის დააკავეს და ასეთივე ბრალი წარუდგინეს 23 წლის გოგონას - მეგი დიასამიძეს.
ადმინისტრაციული სამართლით აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა სამართლის რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს:
- განჭვრეტადობის პრინციპი: სამართლის ნორმები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ პირს შეეძლოს მათი დარღვევის შედეგების წინასწარ განჭვრეტა. პირმა უნდა იცოდეს, თუ რა მოელის ამა თუ იმ ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რათა შესაბამისად არეგულიროს საკუთარი ქცევა. როდესაც არსებობს მკაფიო ადმინისტრაციული ნორმა, რომელიც საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, პირს არ შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მას სისხლისსამართლებრივი წესით დასჯიან;
- სპეციალური კანონის ზოგადი კანონის მიმართ უპირატესობის პრინციპი: სამართლის აღიარებული პრინციპია, რომ ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. სხვათა შორის, ამ პრინციპის გამოძახილია სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 ნაწილის მე-2 ნაწილის ნორმა, რომლის თანახმად, „თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.“ მართალია, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ნორმებთან, ფაქტია, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმა სპეციალური ნორმაა და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლთან შედარებით მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს;
- ნორმატიული აქტების იერარქიულობის პრინციპი: საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას უპირატესობა ენიჭება იმის გამოც, რომ საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი - ჩვეულებრივი კანონი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის თანახმად, ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია.
- პროპორციულობის პრინციპი: სააგიტაციო მასალის დაზიანებისთვის პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა, როდესაც სასჯელად, სხვა ალტერნატიულ ზომებს შორის, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, არღვევს პროპორციულობის პრინციპს. ასეც რომ არ იყოს, სტიგმა, რომელიც თან ახლავს სისხლისსამართლებრივ ბრალდებას და, მით უმეტეს, მსჯავრდებას, აქედან გამომდინარე სხვა სამართლებრივი შედეგებით, არ შეიძლება თანაზომიერი იყოს ქმედებისა, რომლის ძირითადი შინაარსი და მიზანი პოლიტიკური ხასიათისაა.
ელენე ხოშტარიას დაკავება ამ პრინციპების დარღვევით არის სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოხატულება.
და ბოლოს, ყურადღებას იპყრობს ქართული ოცნების მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებული შერჩევითი სამართლის პრაქტიკა. კალაძის ბანერების დაზიანებისთვის ოპოზიციის ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი ისჯებიან იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფებს წესად ჰქონდათ გადაქცეული საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდებში ოპოზიციის შტაბბინებზე თავდასხმა, მათ წარმომადგენლებზე ძალადობა, ქონების ვანდალიზაცია და სხვა დანაშაულებრივი აქტები. საკმარისია, გავიხსენოთ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისზე თავდასხმა 2024 წლის 1 ივნისს, როდესაც დაამსხვრიეს ვიტრაჟები და სხვა ქონება. ეს და სხვა აქტები დღემდე გამოუძიებელია და მათი ჩადენისთვის პასუხი დღემდე არავის უგია" - წერს ორგანიზაცია.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერს "რუსული ოცნება" 14 სექტემბერს დააწერა. ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, დღეს, 15 სექტემბერს კი, ხოშტარია დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ჩადენილი იმავე ქმედებისთვის აქტივისტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





