რუსული რეჟიმი

შსს-მ ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

1 ივნისს, დაახლოებით 02:30-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ენმ-მ განცხადებას გაავრცელა

განცხადების თანახმად, თავდასხმა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასში 100-მდე ტიტუშკა მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოფისის ფასადი, შუშები და პარტიის ინვენტარი.

სამთავრობო მედია იმედი პირველი ივნისის ღამეს ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელი ტიტუშკების მიერ გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს. ტელეკომპანიის თქმით, მათ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია და ვიდეოები "ექსკლუზიურად მოიპოვეს". ტიტუშკების მიერ გადაღებული ვიდეოები ქრონიკის 11-საათიან გამოშვებაში აჩვენეს.

31 მაისს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა, რომ დაქირავებულ ნიღბიან პირებს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისებთან თავად, შურისძიების მიზნით გზავნის.

კომენტარები