კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება.
უწყების განცხადებით, ელენე ხოშტარია სსკ-ის 187-ე მუხლით დააკავეს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა" - წერს უწყება განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს პარტიაშიც. მათი თქმით, "რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის" ყველაფერს გააკეთებენ და დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის.
"რამდენიმე წუთის წინ, გამოგონილი, შეთითხნილი, უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია დააკავეს იმიტომ, რომ ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო წინააღმდეგობაში, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ ღირს, იმდენად აბსურდული და სულელურია ეს ბრალდება - მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი, რომელზეც არის არაერთი წარწერა, ისეთი წარწერები, რომლებიც არ იშლება საერთოდ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა და არცერთი ეს ადამიანი, შსს-ს არ დაუკავებია, სამაგიეროდ, დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი, ელენე ხოშტარია.
ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, კოალიცია ცვლილებისთვის 4-დან ოთი პოლიტიკური ლიდერი ზის ციხეში. ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, ვინც არ უნდა დააკავოს, ბრძოლა არ შეწყდება. დააკავებთ ერთ, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკვებთ მეორეს - მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამიტომ, ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული - ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის. ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის" - განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე.
კოალციის კიდევ ერთი წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს ქუჩაში.
"ამათ ოფისებს არ უნდა ჰქონდეთ მოსვენება" - თქვა თევზაძემ.





