პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალ თავდასხმებთან უკეთ გასამკლავებლად პოლონურ დრონების საწინააღმდეგო დანაყოფებს უკრაინელი დრონის ოპერატორები წვრთნებს ჩაუტარებენ.
ამის შესახებ შიკორსკიმ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას კიევში ილაპარაკა.
"უკრაინელებს რუსულ დრონებთან გამკლავებისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და რუსული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის გაცილებით უფრო ღრმა და აქტუალური გამოცდილება აქვთ". - თქვა შიკორსკიმ.
შიკორსკის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი უკრაინელები სამხედროები პოლონელ დანაყოფებს პოლონეთში NATO-ს საწვრთნელ ცენტრში მოამზადებენ, რადგან ეს უკრაინასთან შედარებით "უფრო უსაფრთხო გარემოა".
"ეს საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ, [...] რომ სწორედ უკრაინელები იქნებიან, ვინც გაგვწვრთნიან ჩვენ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და არა - პირიქით.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.
მოგვიანებით, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.
პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
სარდლობამ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.





