რადოსლავ შიკორსკი

შიკორსკი: რუსეთმა პოლონეთზე განზრახ მიიტანა იერიში, კრემლის განცხადებები სიცრუეა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი
Sarah Meyssonnier/AFP/Getty Images

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად მიიტანა იერიში NATO-ს წევრ ქვეყანაზე, ხოლო კრემლის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვი არაფერ შუაშია "ტიპიური საბჭოთა პრაქტიკა" უწოდა.

მინისტრის თქმით, 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსულმა დრონებმა 19-ჯერ შეძლეს.

"პოლონეთის საჰაერო ძალებისა და NATO-ს შეფასება ასეთია – დრონები განზრახ იყო მიმართული, ისინი არ აცდნენ კურსს". – ამბობს შიკორსკი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან, მარკო რუბიოსთან.

შიკორსკიმ კატეგორიულად უარჰყო მოსკოვის ვერსია "უკრაინული პროვოკაციის" შესახებ: 

"ვიცი რომ რუსეთი აცხადებს, თითქოს არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ დრონები რუსულია და უკრაინულ პროვოკაციაზე იძლევა მინიშნებებს. მოსალოდნელი იყო. ტყუილი და უარყოფა სტანდარტული საბჭოთა პასუხია. კრემლი კვლავ მასხრად იგდებს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას".


10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

კომენტარები