ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსული "შეცდომების" არ სწამს. მისივე თქმით, რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის "კონკრეტული ფასი" უნდა აზღვევინონ და დამატებითი სანქციები დაუწესდეს.
ამის შესახებ ლიპავსკი X-ზე წერს.
"რუსეთი პროვოკაციას განაგრძობს. გასულ ღამეს რუმინეთი იყო. რუსული "შეცდომების" არ მწამს. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფხიზლად ვრჩებით. რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის კონკრეტული საფასური უნდა გადაიხადოს. ამიტომ უჭერს მხარს ჩეხეთი დამატებით სანქციებს". - წერს ლიპავსკი.
ცნობისთვის, რუმინეთმა თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნა.
რუმინეთი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ "საჰაერო სივრციდან ობიექტების ვარდნის შესაძლებლობა" იყო.
ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
პარალელურად, უკრაინაში პოლონეთთან მოსაზღვრე რეგიონებში რუსული დრონების იერიშების საფრთხის გამო პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა და ლუბლინის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
მოგვიანებით, სარდლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოპერაცია დასრულდა და უკრაინაში ვითარების მეთვალყურეობას განაგრძობს.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





