რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა მიუღებელია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

13 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეგნებულად გაუშვა თუ არა რუსეთმა დრონები პოლონეთის მიმართულებით.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუღებელი, სამწუხარო და სახიფათო განვითარებაა" - თქვა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუბიომ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია გაუშვა თუ არა რუსეთმა დრონები პოლონეთის მიმართულებით შეგნებულად.

"თუ მტკიცებულებები იქამდე მიგვიყვანს, მაშინ ცხადია, ეს ძალიან სერიოზული ესკალაციის ნიშანი იქნება. არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ კონკრეტული დასკვნების გამოტანამდე ყველა ფაქტი უნდა გვქონდეს" - განაცხადა რუბიომ.


10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც  პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.

კომენტარები