რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი

NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე: მის სიტყვებს ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ

Anthony Behar/Sipa USA/AP

გამოცემა The New York Times ფორმულასთვის გაგზავნილ განცხადებაში გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრალდებას პასუხობს და წერს, რომ ისინი რაზმაძის სიტყვებს ზუსტად და დეტალურად ციტირებენ, ხოლო რაზმაძის მხრიდან მათი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლაა.

"ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც „The New York Times“-თან გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება". - წერია NYT-ის განცხადებაში, რომელიც მათ "ფორმულას" გაუგზავნეს.

მანამდე, რაზმაძემ TV პირველთან საუბრისას უარყო, რომ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ჯარისკაცებს "სააკაშვილის ხულიგნები" უწოდა, მისი თქმით, ეს არის ცილისწამება და სიცრუე "თავიდან ბოლომდე". 

"ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს.

რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ის ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად, აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა.

ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.

სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებს. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას". - თქვა რაზმაძემ.

ცნობისთვის, როგორც NYT წერდა, რაზმაძემ თქვა, რომ მადლობელია იმისთვის, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შევიდნენ, რადგან "მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".

"ისინი აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. [...] მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, ამის დაჯერება თუ შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ". - თქვა რაზმაძემ NYT-ის ინფორმაციით

კომენტარები