გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" წევრმა, დავით რაზმაძემ TV პირველთან საუბრისას უარყო, რომ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ჯარისკაცებს "სააკაშვილის ხულიგნები" უწოდა, მისი თქმით, ეს არის ცილისწამება და სიცრუე "თავიდან ბოლომდე".
"ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს.
რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ის ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად, აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა.
ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.
სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებს. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას". - თქვა რაზმაძემ.
ცნობისთვის, რაზმაძე New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გორში რუსები შევიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები.
მისივე თქმით, მადლობელია იმისთვის, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შევიდნენ, რადგან "მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".
"ისინი აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. [...] მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, ამის დაჯერება თუ შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ". - თქვა რაზმაძემ, გამოცემის ინფორმაციით.





