რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის, აშშ-ს, ბრიტანეთისა და ევროპის წარმომადგენლებმა ომის შესახებ დისკუსია გამართეს

FCDO via BBC

ლონდონის მახლობლად უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ევროკავშირის, NATO-ს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ფინეთის წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს

შეხვედრაში, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი მონაწილეობდნენ.

შეხვედრა ჩივნინგში, გაერთიანებული ლემის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.

ლემის თქმით, "გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია, როდესაც სამართლიანი და გამძლე მშვიდობისთვის მუშაობას" აგრძელებენ. 

როგორც BBC აღნიშნავს, დისკუსია აშშ-ს ინიციატივით შედგა. 

შეხვედრამდე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა მშვიდობისკენ პროგრესის განსახილველად "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფორუმი" იქნებოდა. 

ცნობისთვის, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა. 

მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.

WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან.

გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ევროპული გეგმა ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.  

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ღამით აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.  

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ". 

კომენტარები