უკრაინა

რადამ უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო. კანონპროექტს 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი კენჭისყრა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა, თუმცა, ძალაში შესვლამდე პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ამასთან, რადაში მხარი დაუჭირეს მიღებული კანონის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად დაუყოვნებლივ გადაგზავნას.


24 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობას და რუსეთის გავლენისა და ჩარევისგან ქვეყნის სამართლებრივ სისტემას იცავს. მან დოკუმენტს "დაბალანსებული" უწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

მანამდე, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.

ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში. 

23 ივლისს ზელენსკიმ ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ორ კვირაში საზოგადოებას  მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების ერთობლივ გეგმას წარუდგენდნენ.

"ჩვენ გვესმის, რას ითხოვს საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რისი მოლოდინი აქვთ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, უზრუნველყოფილი სამართალი და ყველა ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენ განვიხილეთ ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაც გააძლიერებს ყველა ინსიტუტის მუშაობას გააძლიერებს, აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებსა და საფრთხეებს" - თქვა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები