უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის განახლებაა საჭირო და ასევე დააანონსა ცვლილებები სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას: თითოეულ პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული პირი, რომელსაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.
პრეზიდენტმა მთავარ მიმართულებებს შორის დაასახელა: ურთიერთობები აშშ-სთან, მათ შორის Patriot-ს სისტემების წარმოების ლიცენზიებთან და უსაფრთხოების სფეროში სხვა პროექტებთან დაკავშირებული შეთანხმებები; ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის პროექტი; ევროკავშირში გაწევრიანება; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, განსაკუთრებით პოლონეთთან და უნგრეთთან; თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან; ჩინეთი; საკვანძო საერთაშორისო ორგანიზაციები.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა ფრონტისპირა და სასაზღვრო რეგიონებში მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას, არმიისთვის იარაღისა და დრონების მიწოდების გაზრდას, ზამთრისთვის მზადებას, სახელმწიფო კომპანიების ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და უკრაინის აღდგენის საკითხზე პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.
მისი თქმით, განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განსახორციელებლად ქვეყანაში საკადრო ცვლილებები დაიწყება.
"დეტალები პრემიერმინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის განახლება. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერმინისტრის პოსტზე გაწეული მკაფიო, სტაბილური და ეფექტიანი მუშაობისთვის, ასევე უკრაინის გუნდის წევრად მრავალწლიანი შედეგიანი საქმიანობისთვის. მას შევთავაზე, სათავეში ჩაუდგეს ახალ მნიშვნელოვან მიმართულებას ჩვენს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან" - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტთან თანამშრომლობით მთავრობის შემადგენლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მოხერხდება.
მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები იგეგმება სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობაშიც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირებს შეეხება ეს გადაწყვეტილება.




