უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის "ყველა ნორმას" უზრუნველყოფს.
"ყველამ მოისმინა, რასაც ხალხი ამ დღეებში - სოციალურ ქსელებში, ერთმანეთთან, ქუჩაში ამბობს. ეს არ არის უშედეგო" - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ "არანაირი რუსული გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში არ მოხდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმა შენარჩუნდეს".
НАБУ (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) და САП (სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა) ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ ზელენსკის ინიციატივას მიესალმნენ.
22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.
ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.





