პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერი იქნება ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობის დღე.
ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს, 4 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და ჩაატარებენ ეროვნულ კრებას. მისი აზრით, ეს იქნება ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნების დღე.
"ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობა, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას.
ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე, ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე." - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ამ თემაზე გუშინ ისაუბრეს თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამაც.
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას აზრით, "ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ - ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი."
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ კი თქვა, რომ "რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი."





