ჩორჩანას საქმე

ინფორმაცია არ გამაჩნდა – ჩორჩანას საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი იზორია გამოიკითხა

ლევან იზორია

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ლევან იზორია გამოიკითხა. იზორიას 2019 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

გამოკითხვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში იზორია ამბობს, რომ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მისი თქმით, საკითხზე არც პირად და არც ოფიციალურ დონეზე განხივლა არ მომხდარა. მათ შორის, არც უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. 

იზორიას მტკიცებით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ მედიიდან გაიგო, სამუშაოები კი საპოლიციო იყო და მასში თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ.

"ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა. [...]

კანონმდებლობა ითვალისწინებს [უსაფრთხოების საბჭოს] სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო, რომ მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო საბჭო. ხოლო, ამ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მით უფრო, პრემიერმინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სუს-ი. არ ჩატარებულა სხდომა. [...]

მე გავიგე საჯარო ინფორმაციების საფუძველზე, მასმედიის საშუალებით, მაშინ უკვე, როცა განთავსდა კონკრეტული საგუშაგო კონკრეტულ პოზიციაზე. [სამხედრო დაზვერვა] ჩართული არ ყოფილა. საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო, მის ზონაში, მიმდებარე ტერიტორიებზე, თავდაცვის უწყებას არ ჰქონდა არანაირი კომპეტენცია, ეს იყო წმინდა საპოლიციო მოქმედებების სფერო და არეალი" - განაცხადა იზორიამ გამოკითხვის შემდეგ. 

იზორიას თქმითვე, მომხდარზე პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, საკითხი გახარიას უშიშროების საბჭოსთვის უნდა შეეთანხმებინა.

"სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები მისი ტერიტორიული მთლიანობა, მით უფრო, ასეთი ოკუპაციის პირობებში, არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგებს ტეირტრიების დაკარგვასთან დაკავშირებით, არის ყოვლად სამწუხარო ფაქტი. [...]

მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის, ის ვინც გადაწყვეტილებას იღებს და მით უფრო, ამ გადაწყვეტილების მიმღები ხდება პრემიერმინისტრი, რა ინიციატივა სჭირდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხიმგებელი. [...] მას როგორც პასუხისმგებლიანს ეს ფორმატი, როგორიც არის, უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. გახარიას მარჩიალობაზე და მის მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, როდესაც ვხედავთ საფრთხეს და რაღაც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, იმ ფორმატებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, რა ფორმატებსაც კონსტიტუცია და კანონი ითვლისწინებს". - განმარტა იზორიამ.

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გუშინ 22 ივლისს ასევე გამოიკითხა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

ე.წ. ჩორჩანას პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხა, მათ შორის სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამბობს, რომ ის საგუშაგოს აგებას ეწინააღმდეგებოდა. გომელაურის იმ დროინდელი მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, კი "არ იყოს საკმარისი კოორდინაცია".  

კახა კახიშვილი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ამბობდა, რომ "ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერმინისტრის ინფორმირების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში იმ დროს არცერთი უწყებიდან შესულა".

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ასევე გამოიკითხა, ფინანსთა მაშინდელი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი. 

კომენტარები