ჩორჩანას საქმე

შაიშმელაშვილი: ჩორჩანას ეპიზოდით მანიპულირება ზოგადად საქართველოს აზიანებს

ირაკლი შაიშმელაშვილი
Facebook

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, ოცნების მიერ "ჩორჩანას ეპიზოდით მანიპულირება" მთლიანად საქართველოს დააზიანებს.

შაიშმელაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმს გიორგი გახარიას დაპატიმრება უნდა და ამას ჩორჩანას საკითხით მანიპულირებით ცდილობს.

"რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის პირდაპირ პოლიტიზებული პროცესი და ამ თემით მანიპულირება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. გახარიას დაჭერა უნდათ, ცხადია, და მგონი აქ სადავო არაფერი არ არის. იმ მოცემულობაში, რაშიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიყვანა საქართველო, როდესაც სასამართლო გახადეს ნოტარიუსი, მარტივად შეუძლიათ გახარიას დაადონ ბორკილი და ნებისმიერი მიზეზით დააკავონ. ჩორჩანით მანიპულირება და ამ ამოცანით მანიპულირება ეს აზიანებს არა გახარიას, არა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზოგადად საქართველოს.

[...] ზოგადად შსს-ს რისი უფლებამოსილება აქვს საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში - პირდაპირ დებულებაში უწერია შსს-ს საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება თვალთვალის და დაკვირვების მეთოდით, ინფორმაციის მოპოვება და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ეს ამოცანები შსს-სთვის დისკრეციული უფლებამოსილებაა, ანუ შსს ვალდებულია დღესაც გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ყველა ლეგიტიმური უფლებამოსილება, იქნება ეს საგუშაგოს გახსნა, საპატრულო მარშრუტების დაგეგმვა და გახსნა, სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება თუ სხვა.

[...] რაც შეეხება ჩორჩანას, აქაც ეს პრობლემები არსებობდა, იყო ერთ-ერთი მკვდარი ზონა და იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს დონეზე, საგუშაგოს გახსნის და არა პატრულირების (რელიეფური სირთულიდან გამომდინარე). პროვოკაცია იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ქართველი სამართალდამცავები გადავიდოდნენ 1984 წლის რუკით დადგენილ საზღვრებს მიღმა და იქ განახორციელებდნენ გარკვეულ მოქმედებებს. ჩვენ ვმოქმედებდით 1984 წლის დადგენილი საოკუპაციო საზღვრების აქეთ, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ტერიტორიაა ამ საზღვრებს მიღმაც - ჩვენ რა დავთმეთ ეს ტერიტორიები? ანუ სამაჩაბლოს რეგიონი რუსებს ეკუთვნის და ჩვენი არ არის? უბრალოდ, იქ ცენტრალური, მოქმედი ხელისუფლების იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება და სადაც ვრცელდებოდა იმ ტერიტორიაზე მოვაწყვეთ საგუშაგო და ეს არ იყო პროვოკაცია. რაიმე ხელმოსაკიდი რომ ჰქონოდა რუსეთს ამაზე, ამას ასე მარტივად არ გაატარებდნენ, მაგრამ არაფერი მსგავსი საქართველოს იმ დროს არ განუხორციელებია". - თქვა ფორმულას ეთერში შაიშმელაშვილმა.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა. გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან ერთად, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

კომენტარები