გამოცემა Just Security-ზე აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი საკუთარ მოსაზრებას ავრცელებენ.
მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო წლების განმავლობაში აშშ-ს ყველაზე ახლო პარტნიორი იყო და მისი მოსახლეობა ყველაზე პროდასავლური, თუმცა ახლა საქართველოს "მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება".
მოსაზრების ავტორების თქმით აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შედეგად აშშ საქართველოში ელჩის გარეშე რჩება, რის გამოც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრორუსული ქცევების წინააღმდეგ მტკიცედ ისაუბრებს, მალევე უნდა წარადგინოს.
ავტორები წერენ, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ გააქტიურებული რეპრესიების ფონზე აშშ-ს სენატმა წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს დამტკიცებული MEGOBARI აქტის დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.
"შეერთებულმა შტატებმა, თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ და პრო-დასავლურ კურსზე დასაბრუნებლად ამჟამინდელი ძალისხმევა უნდა გააორმაგოს. ახლა ამისთვის შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, რადგან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი მოსკოვთან თავიანთ ურთიერთობების გადაფასებას ახდენენ" - წერია მოსაზრებაში.
მოსაზრებაში ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნება ხელისუფლების შესანარჩუნებლად აშშ-ს სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს, როგორიცაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოწყობა.
კრამერი და კელი აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნის დემოკრატიული და დასავლური კურსის შესაცვლელად და ძალაუფლების მოსახვეჭად ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ხერხები გამოიყენეს.
"როგორც რუსეთის ვლადიმირ პუტინი, ჩინეთის სი ძინფინგი და ირანის აიათოლა ალი ხამენეი, ბიძინა ივანიშვილიც, თავისი და თავისი რეჟიმის გადარჩენის უზრუნველსაყოფად, ძალაუფლების ყველა შტოს თავისი კონტროლის ქვეშ კრებს" - ვკითხულობთ მოსაზრებაში.





