რუსეთი

რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტებზე კანონის გამკაცრებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

AP

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ამარტივებს. 

კანონპროექტით, ე.წ. უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღსაძვრელად მათი საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის ერთჯერადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება საკმარისი. 

რუსეთის ახლანდელი კანონმდებლობით ე.წ. უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე წელიწადის განმავლობაში ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ შეიძლება აღიძრას. 

ინიციატივას მხარი 342-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი მხოლოდ ერთი პარლამენტარი იყო. 

დუმამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლში, რომელიც "უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას" ეხება და სასჯელის სახით ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დუმაში უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარევმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები მოიხმო, რომელთა თანახმად ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში შეყვანილ პირთა 40%-ზე მეტი კანონმდებლობით განსაზღვრულ შეზღუდვებს არ ემორჩილება.

კომენტარები