ალექსი თირქია, რომელსაც 2024 წლის 3 დეკმებერს, აქციაზე თვალის არეში ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა და დააზიანა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განვლილ პერიოდს იხსენებს.
თირქია წერს, რომ ის არა სიბრალულს, არამედ სამართლიანობას ეძებს, რათა მომავალში სხვა ადამიანებიც მის მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.
"22 წლის ვარ. გული არ მაძლევდა მშვიდად მეყურებინა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. გადავწყვიტე ჩემი პროტესტი მშვიდობიანად გამომეხატა — ქუჩაში გავედი სხვებთან ერთად. ეს იყო ჩემი თავისუფლების გამოხატვის მცდელობა. მაგრამ იმ დღეს, მშვიდობიანი აქცია ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავით ჩაეწერა.
აქციის მიმდინარეობისას, უშუალოდ ჩემს თავთან ახლოს ისროლეს ცრემლსადენი გაზის კაფსულა, რომელიც პირდაპირ წარბის არეში მომხვდა. იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა.
ტრავმის შედეგები:
• მივიღე ტვინის შეშუპება;
• დამიზიანდა თვალის ბუდე და სამწვერა ნერვი;
• მხედველობა მნიშვნელოვნად დამიქვეითდა;
• საჭირო გახდა შუბლის იმპლანტაცია;
• გავდივარ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც.
გადავიტანე არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ ფსიქოლოგიური შოკიც — როცა თავისუფალი მოქალაქე ხარ და რეზინის ტყვია ან გაზის კაფსულა გესმის, არ ელოდები ამ ყველაფერს შენს სახეზე, შენს ცხოვრებაზე და მომავალზე ასეთი გავლენა ექნება.
ეს შემთხვევა იყო ძალადობისა და უპასუხისმგებლობის შედეგი — არა მხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ახალგაზრდის მიმართ, ვინც ცდილობს საკუთარი ხმა გააგონოს.
დღესაც ვიბრძვი — ჯანმრთელობის დასაბრუნებლად, თვალის მხედველობის აღსადგენად, ჩემი ცხოვრების გამოსასწორებლად. სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია, დაფინანსების მოპოვება, და ამისთვის მხარდაჭერა მჭირდება როგორც იურიდიულად, ისე ადამიანურადაც.
თუ წაიკითხე ეს, იცოდე:
მე არ ვეძებ სიბრალულს — ვეძებ სამართლიანობას. მინდა, რომ ეს ისტორია არ განმეორდეს სხვებთან. მინდა, რომ არსებობდეს პასუხისმგებლობა და ზრუნვა მოქალაქეებზე". - წერს ალექსი თირქია.
თირქია, 2024 წლის 3 დეკემბერს, როცა შემთხვევა მოხდა, 21 წლის იყო. მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის მოტეხილობა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევები ჰქონდა, გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია, იმყოფებოდა რეანიმაციაში, სედაციურ ძილში.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მას თვალის ოპერაციას დასჭირდა.





