კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მოსკოვის მიმართ "გამკაცრებულ რიტორიკას" "საკმაოდ მშვიდად" უდგებიან. მანვე დაამატა, რომ ტრამპი ხშირად უხეშ "ფრაზებს იყენებს".
ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
"საკმაოდ მშვიდად ვუდგებით ამას, უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ, ტრამპს ერთიანობაში საკმაოდ უხეში სტილი აქვს იმ თვალსაზრისით, თუ რა ფრაზებს იყენებს". - თქვა პესკოვმა.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას" აყრით, რომელიც საბოლოო ჯამში უშინაარსო "გამოდგება ხოლმე".
"პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე" - თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას "დამატებით იარაღს გაუგზავნის," რადგან მათ "თავის დაცვა უნდა შეეძლოთ."
ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო.
4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.
ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.





