გამოცემა Коммерсантъ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ბიზნესმენმა, ოქროს მომპოვებელი კომპანიის, Южуралзолото-ს ხელმძღვანელმა და ჩელიაბინსკის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ სტრუკოვმა რუსეთიდან გასვლა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ მასა და მისი ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ წასვლა ეკრძალებათ.
Коммерсантъ-ის თანახმად, სტრუკოვმა ჩელიაბინსკიდან თურქეთში Bombardier-ის ტიპის კერძო თვითმფრინავით გაფრენა სცადა, თუმცა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, როსავიაციამ თვითმფრინავი დააკავა და აფრენა აუკრძალა.
როგორც გამოცემა წერს, სასამართლოს აღმასრულებლებმა სტრუკოვს პასპორტი ჩამოართვეს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა გააუქმა.
Коммерсантъ აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც სტრუკოვი თვითმფრინავის მგზავრის ადგილზე ზის, მასთან ერთად კი სასამართლოს აღმასრულებლების ფორმაში გამოწყობილი პირები იმყოფებიან.
ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, Flightradar24-ის მონაცემებით, Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით, RA-67131 ირკუტსკის ოლქში ქალაქ ბრატსკიდან 5 ივლისს მოსკოვში ჩაფრინდა, ხოლო შემდეგი რეისი 6 ივლისს მოსკოვიდან ბაქოში, შემდგომ კი სტამბოლში ჰქონდა ჩანიშნული.
Южуралзолото-მ ცნობები უარყო და მედია სტრუკოვის "დისკრედიტაციისა და ცილისწამების მიზანმიმართული კამპანიის" წარმოებაში დაადანაშაულა. კომპანიის თანახმად, ბიზნესმენი არ დაუკავებიათ, არამედ სასამართლოს აღმსრულებლებმა სასამართლოში გამოძახების შესახებ უწყება გადასცეს.
"ღია სააქციო საზოგადოების, Южуралзолото-ს ხელმძღვანელის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობები მცდარია. სინამდვილეში მედიაში გავრცელებულ ფოტოებში აღბეჭდილია მომენტი, როდესაც ის თავის კოლექტივთან ერთად სამუშაო მივლინებიდან ბრუნდება". - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა ჩელიაბინსკის ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან, 74.ru-სთან საუბრისას.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა РБК-სთან საუბრისას თქვა, რომ 5 ივლისის განმავლობაში სტრუკოვი მოსკოვში სამუშაო ოფისში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩელიაბინსკის სასამართლოს სტრუკოვისთვის აქციებისა და 11 კომპანიის, მათ შორის, Южуралзолото-ს წილის ჩამორთმევის სარჩელით მიმართა. ჩელიაბინსკის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ბიზნესმენსა და მისი ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ წასვლა აუკრძალა.
პროკურატურის თანახმად, ბიზნესმენის აქციები კორუფციულია. მათი თქმით, სტრუკოვი ქვანახშირისა და ოქროს მომპოვებელ საწარმოებს თავისი სტატუსის გამოყენებით დაეპატრონა, აქტივები კი თავის შვილსა და სხვა მას დაქვემდებარებულ პირებზე გააფორმა.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამბობენ, რომ სტრუკოვი თავისი ოჯახის წევრებს ევროპის ქვეყნების მოქალაქეობის მოპოვებაში დაეხმარა, რუსეთში მოპოვებულ შემოსავალს კი რუსეთისთვის "არამეგობრულ ქვეყნებში" აგზავნის.
გარდა ამისა, 2 ივლისს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) და საგამოძიებო კომიტეტმა ოქროს მომპოვებელი კომპანიის, Южуралзолото-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. საქმე აღძრულია სამრეწველო უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისა და სამრეწველო ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. Коммерсантъ საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ფაქტთან დაკავშირებით არის აღძრული და მასში ჯერ სტრუკოვი არ ფიგურირებს.
Forbes-ის სიის მიხედვით, სტრუკოვი რუსეთში ყველაზე მდიდარ ხალხს შორის 78-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 1.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.





