საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) ორგანიზებით, 12-13 ივნისს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია სახელწოდებით "ევროპა არის... ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!" განიხილავდა ევროპულ იდეას, მის მომავალსა და მასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - პაველ ჰერჩინსკიმ გახსნეს. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ევროპარლამენტის წევრი კრისტოფ ბრეიზა, ფრანკფურტის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი საშა ჰახი, SKY News-ის უსაფრთხოების ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი, თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი მუსტაფა აიდინი. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და მკვლევრები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური სფეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო ეროვნული, რეგიონული და გლობალური დინამიკის მამოძრავებელი ძირითადი მოვლენებისა და საკითხების წარმოჩენა. კონფერენციის ძირითად პანელებზე განხილული და გააანალიზებული იქნა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცვლილების ფონზე ევროპის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ავტონომიისკენ სწრაფვა; ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები აღმოსავლეთ ევროპაში; თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში; დემოკრატიის ეროზია, ავტოკრატიული რეჟიმების განმტკიცება, წინააღმდეგობის სტრატეგიები და ინსტიტუციური მედეგობა. გარდა ამისა, დისკუსია გაიმართა პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიული სტრუქტურების როლზე თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის კონტექსტში.
კონფერენცია ორდღიანი იყო და 5 პანელისგან შედგებოდა:
ᲞᲐᲜᲔᲚᲘ 1 - ავტონომიური თავდაცვისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვა
აღნიშნულ პანელზე მოწვეული მომხსენებლები განიხილავდნენ არსებულ პოლიტიკას, მიმდინარე ტენდენციებს, უსაფრთხოების სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების პერსპექტივებსა და ახალ კონცეპტუალურ ჩარჩოებს.
ᲞᲐᲜᲔᲚᲘ 2 - ახალი აღმოსავლეთ ევროპა: გაფართოების დილემა
პანელის მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში არსებობს.
ᲞᲐᲜᲔᲚᲘ 3 – სამხრეთ კავკასია – უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საშუალებით
პანელზე განიხილავდნენ თუ რამდენად შესაძლებელია ევროპის ინტეგრაციული გამოცდილების სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაზიარება და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ᲞᲐᲜᲔᲚᲘ 4 - ავტოკრატიების მომავალი - საზოგადოებები ცვლილებების პროცესში პანელის პირველ
სესიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოზე და რელევანტურ მაგალითებთან ერთად განხილული იქნა ავტოკრატიულ რეჟიმებთან მებრძოლი წინააღმდეგობის მოძრაობების სტრატეგიები - რიგითი აქტივიზმიდან დაწყებული, ინსტიტუციური რეფორმებით დამთავრებული.
მეორე სესიაზე დისკუსია გაიმართა ავტოკრატიული თანამშრომლობის მაგალითებისა და ავტორიტარიზმის განმტკიცების მექანიზმების შესახებ. ციფრული დეზინფორმაციის, გეოპოლიტიკური გავლენისა და სამოქალაქო საზოგადოების მზარდი როლის განხილვის პარალელურად, პანელის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები წინააღმდეგობის პრაქტიკისა (ინსტიტუციური და საზოგადოებრივი) და დემოკრატიული მედეგობის თაობაზე.
ᲞᲐᲜᲔᲚᲘ 5- ლიდერები, პარტიები და პოლიტიკა -წარუმატებლობის ორგანიზაციული მიზეზები პანელზე
განხილული იქნა სოციალურ-კულტურული ცვლილებების გლობალური დინამიკა და ტრადიციული პარტიული პოლიტიკის წარუმატებლობის ორგანიზაციული მიზეზები. ასევე, პოლიტიკურ ლიდერებსა და პარტიებს შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები.
საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრი (UGSPN) საერთაშორისო კონფერენციას ყოვეწლიურად მასპინძლობს. კონფერენცია გლობალურ და ლოკალურ დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და აერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კრიტიკული საკითხების განსახილველად.
საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც რეპუტაცია აკადემიური წარმატებისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებით მოიპოვა. მისი მისიაა განათლებისა და კვლევისადმი ინოვაციური, დინამიური და გლობალური მიდგომის ხელშეწყობა. საქართველოს უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებებია თავისუფლება, ჰუმანურობა და სრულყოფილება. აღნიშნული ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს აკადემიურ სფეროზე, ადგილობრივ საზოგადოებასა და მსოფლიოში ქვეყნის რეპუტაციული გავლენის ზრდაზე.





