საქართველოს უნივერსიტეტი

პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ug.edu.ge

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს "საქართველოს უნივერსიტეტზე" უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო". - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს.

გურგენიძემ აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა.

გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის სივრცე "ისტორიულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის". 

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მტკიცებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოთხოვნას, რაც საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას გულისხმობს, "სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს".

თოფურია განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი. 

კომენტარები