ივანიშვილის რეჟიმი აპირებს პირისპირ და ონლაინ შეურაცხყოფას შორის ზღვარი წაშალოს და მოქალაქეები დისტანციურად გამოთქმული სიტყვის გამო დასაჯოს.
ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
თებერვალში, საპროტესტო აქციების პარალელურად, ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან
"მსგავსი გამოხატვა" დასჯადი გახდა.
ამის შემდეგ, 30 მაისს ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ლაშხისთვის "შეურაცხყოფის მიყენებისთვის" სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა ასევე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის.
ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას", რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
შსს-ში საჩივრის შეტანის ინიციატივას წინ უძღოდა ივანიშვილის ვიცესპიკერის პოსტი: "მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა - დიდ ბრიტანეთში თვეში ათასზე მეტ ადამიანს იჭერენ სოციალურ მედიაში დადებული პოსტების გამო" - წერდა ნინო წილოსანი.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოსვლისთანავე დაესხა თავს ზოგიერთ ბრიტანულ კანონს, რომელსაც დასავლელი კონსერვატორები გამოხატვის თავისუფლების უხეშ ხელყოფად მიიჩნევენ.
ქართული ოცნება ამ კანონს იმ რიტორიკის პარალელურად იღებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან "თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ტაბულას უთხრა, რომ აღნიშნულ ცვლილებები დიდი საფრთხის შემცველია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.
ქურდოვანიძის თქმით, თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვისთვის, არ შეიცავს მუქარას და არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა და ასეთი შეზღუდვის დაწესება "დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს".
"კანონში ცალსახად არ წერია, რომ აქ სოციალური ქსელებიც იგულისხმება, აქ ზოგადად ქცევა არის აკრძალული ამ ტიპის, რომელიც შეურაცხყოფას გულისხმობს, თუმცა, კონკრეტულად, აქ არის გასარკვევი რა ფრაზები ან რა გამონათქვამები არის მიჩნეული ასეთად და მეორე მხრივ, სოციალურ ქსელში ასეთი შეზღუდვების დაწესება არის სახიფათო ტენდენცია, რადგან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს და ამას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი და ადამიანები კრიტიკული მოსაზრებების გაზიარებისგან თავს იკავებდნენ. სტანდარტი უნდა იყოს იმგვარი, რომ თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა და ასეთი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს.
ადრეც იყო ასეთი პრეცედენტები, როცა კონკრეტულ პირებს სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, ოღონდ ეს იყო სხვა მუხლით, 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი და მაშინ საზოგადოებრივ ადგილად იმ კონკრეტულ შემთხვევებში განიმარტა სოციალური ქსელიც, მაგრამ ეს ახალი მუხლი, 173-ე, ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, ანუ დაცვის სუბიექტი ამ შემთხვევაში სხვა არის, არა ზოგადად პირი, არამედ კონკრეტული პირები და პასუხისმგებლობაც ცალკე გამოიკვეთა. როგორც ჩანს ამ მუხლის საფუძველზე ხდება მიმართვა. ასეთი შემთხვევები უკვე იყო, ოღონდ იყო პირისპირ შემთხვევებზე, ახლა, როგორც ჩანს, სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების თუ ფაქტების საფუძველზეც ხდება საჩივრის წარდგენა" - უთხრა ტაბულას ქურდოვანიძემ.





