1 ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) სპეცოპერაცია "აბლაბუდას" ფარგლებში რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების მტკიცებით, ოპერაციის შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა და მტერმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.
სპეცოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდაპირველად უპილოტო საფრენი აპარატების, შემდეგ კი მობილური ხის სახლების გადატანას ითვალისწინებდა. სახლების სახურავებში, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ დრონები დამალეს. საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და მობილური სახლებიდან ამოფრენილი უპილოტო საფრენი აპარატები რუსული აეროდრომების მიმართულებით გაფრინდნენ.
რუსული თვითმფრინავების დაზიანების ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათი ნაწილი რეზინის საბურავებით არის დაფარული. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსეთი მსგავს ტაქტიკას მიმართავს.
საჰაერო საბრძოლო ხომალდების საბურავებით დაფარვის შესახებ პირველად ცნობილი 2023 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც სატელიტურ ფოტომასალაზე ენგელსის რაიონში მდებარე რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ბაზაზე ТУ-95 და TУ-160 ტიპის ბომბდამშენების ფრთებსა ცენტრალურ ნაწილებზე საბურავები გამოჩნდა.
თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ საბურავებს თვითმფრინავებზე ფიზიკური დაცვის მიზნით ათავსებდნენ, თუმცა აშშ-ს მაღალი რანგის სამხედრო ტექნოლოგის თქმით, აღნიშნული ტაქტიკა ვიზუალური ამოცნობის მქონე დამიზნების სისტემების დაბნევას ისახავს მიზნად.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ტექნოლოგიური ხელმძღვანელის, სქაილერ მურის განცხადებით, საბურავების ტაქტიკა, იმის მაგალითია, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ამომცნობი სისტემების მოტყუებას.
"კლასიკური და არასაიდუმლო მაგალითია, რომ თუ ზედხედს უყურებ, თვითმფრინავს ეძებ და მის ფრთებზე საბურავებს ადებ, ბევრ კომპიუტერული ხედვის მოდელს უჭირს თვითმფრინავის იდენტიფიცირება". - აღნიშნა მურმა.
ამომცნობი სისტემების დასაბნევად რუსეთი საბურავების გარდა სხვა მეთოდებს, მათ შორის, ხელოვნურ სილუეტებსაც იყენებს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსულ აეროდრომებსა და ასაფრენ ბილიკებზე თვითმფრინავების სილუეტებს ხატავენ, რათა სარაკეტო დარტყმის სამიზნეები რეალური ობიექტებიდან გადაიტანონ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ნოვოროსიისკის პორტში რუსეთმა წყალქვეშა ნავის სილუეტი გამოიყენა. სავარაუდოდ, იმავე მიზნით გასულ წელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემი სხვა ფერით გადაღებეს.
გამოცემა The War Zone-ის ინფორმაციით, რუსული ტაქტიკების პარალელურად უკრაინამ Neptune-ის რაკეტის ახალი ვერსიის გამოყენება დაიწყო, რომელსაც სპეციალური ინფრაწითელი სენსორი გააჩნია. სენსორის წყალობით სამიზნის დაფიქსირება ბოლო ეტაპზე ხდება. ასეთი ტიპის კამერებს ელექტრონული ჩარევა ვერ აბრკოლებს, რადგან ისინი თვითონ აფასებენ სამიზნის გამოსახულებას და მას წინასწარ ჩატვირთულ მონაცემებს ადარებენ.
სქაილერ მურის თქმით, AI მოდელები ბრძოლის ხაზზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"მათ უნდა შეეძლოთ საჭირო მონაცემთა ახალი ბაზების მონიშვნა, რათა ვიზუალურ ცვლილებებს მოერგონ. თუ მომხმარებელი დროულად ამჩნევს, რომ მოწინააღმდეგემ ვიზუალურად შეცვალა ტაქტიკა, მას მოდელის შეცვლა უნდა შეეძლოს. მაგრამ თუ ამ პროცესს ექვსი თვე სჭირდება და მეორე დღეს მოწინააღმდეგე სხვა რამეს აკეთებს, დიდი დრო იხარჯება, შედეგი კი მცირეა". - ამბობს მური.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აშშ-ს არმიისთვისაც მნიშვნელოვანია და ჩინეთის მზარდი კოსმოსური სადაზვერვო შესაძლებლობების პირობებში კამუფლაჟისა და შეცდომაში შემყვანი ტაქტიკების მიმართ ინტერესი იზრდება.





