რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპეცოპერაცია "აბლაბუდის" შესახებ აცხადებს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს და მის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ბომბდამშენი "აალდა".
"უკრაინამ FPV ტიპის დრონების გამოყენებით მურმანის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქების აეროდრომებზე ტერორისტული აქტი განახორციელა.
ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე ყველა შეტევა მოგერიებულია.
ირკუტსკისა და მურმანის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე FPV დრონებით თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ერთეული ავიატექნიკა აალდა" - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი სრულად ჩამქრალია და თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.
სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ "ტერაქტში" მონაწილე რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია.
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.
დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან.
ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი" - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.





