რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"აბლაბუდა" - უკრაინის უსაფრთხოების სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი იგეგმებოდა

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".

"აბლაბუდის" დეტალების შესახებ უკრაინული მედია Pravda.ua წერს, რომელიც ასევე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო აღსრულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს დაევალა.

როგორც პრავდას რესპონდენტი ამბობს, სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ უპილოტო საფრენი აპარატები, შემდეგ კი მობილური ხის სახლები გადაიტანეს. შემდეგ, სახლების სახურავებში, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ დრონები დამალეს. დრონების მსგავსად სახურავებიც დისტანციურად იმართებოდა. 

საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და მობილური სახლებიდან ამოფრენილი დრონები რუსული აეროდრომების მიმართულებით გაფრინდნენ.

მედიაში ასევე სპეცოპერაციის მოსამზადებელ პერიოდში გადაღებული ფოტოები ვრცელდება.

"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. 

ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი". – ამბობს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

კომენტარები