აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული სავაჭრო ტარიფები უკანონოდ მიიჩნია და მათი უმეტესობა დაბლოკა.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ასეთი გადაწყვეტილება რამდენიმე სასამართლო დავის განხილვის შემდეგ მიიღო. კოლეგიის აზრით, ტარიფების შემოღებით აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა.
სასამართლოს დასკვნით თანახმად, ტრამპმა 1977 წელს მიღებული საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი დაარღვია.
განაჩენი ბლოკავს იმ ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მიიღო.
აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.
ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.
"ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს". - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ ტარიფებს – "ისინი გვატყუებენ, ეს ძალიან სევდიანი სანახაობაა".
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთში წარმოებულ ყველა ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დღეიდან ამოქმედდება.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთ პროდუქტს აშშ-ში აწარმოებენ, ტარიფები არ დაწესდება.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს დღე აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ინდუსტრიის გათავისუფლების დღე. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით აშშ-სთვის "ოქროს ხანა" დაიწყება.





