აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რუსეთი მზარდად ცდილობს საქართველოს კვლავ საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას, რისთვისაც ხელშემწყობ გარემოს ივანიშვილის რეჟიმი ქმნის.
"თითქმის ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას საკუთარი გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს საკუთარი გავლენა ქვეყანაში". - წერია 2025 წლის ანგარიშში.
ამავე მონაკვეთში შეფასებულია სომხეთში არსებული სიტუაციაც. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი საინფორმაციო ოპერაციებით სომხეთის უფრო პროდასავლური ხელისუფლების იმიჯის დამახინჯებას ცდილობს.
"რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, როდესაც სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან [ОДКБ] გამოსვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა, რათა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელისუფლებისთვის ჩირქი მოეცხო". - ვკითხულობთ ანგარიშში.





