უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.
ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება, სრულად გთავაზობთ:
შაბათს, 2025 წლის 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით.
ისინი თანხმდებიან, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, თავისი არსით, არ შეიძლება ექვემდებარებოდეს რაიმე პირობებს. თუ რუსეთი წამოაყენებს ასეთ პირობებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ, როგორც ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის შესუსტების მცდელობა.
მათ მოითხოვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა იყოს ყოვლისმომცველი – ცაში, ზღვასა და ხმელეთზე.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს საჭიროებს ეფექტიან მონიტორინგს, რაც წარმატებით შეიძლება განხორციელდეს აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე.
ისინი მიესალმებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და შინაარსიანი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებას მხარს უჭერს როგორც ევროპა, ისე აშშ.
მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების კრიტიკულ მნიშვნელობას, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ძირითად გარანტიას. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ასევე უნდა იყოს
ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე.
ისინი შეთანხმდნენ, რომ დაამტკიცებენ ევროკავშირის მეთხუთმეტე სანქციების პაკეტს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და აშშ-ს მიერდაწესებულ სანქციებთან.
ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას გაყინული რუსული აქტივების ეფექტიან გამოყენებაზე და ამ საკითხს G7-ის შემდეგ სამიტზე განიხილავენ.
მათ გამოხატეს მზადყოფნა, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის არმია. ეს უნდა მოიცავდეს თავდაცვის სიძლიერისადმი მიმართულ დაფინანსებას და შეიარაღების წარმოებაში ინვესტირებას როგორც უკრაინაში, ისე ევროპულ ქვეყნებში ერთობლივი პროექტების ფარგლებში.