რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაიკეთეთ ეს მშვიდობის გეგმები თქვენს პანგენდერ უკანალებში! – მედვედევი 30-დღიან ზავზე

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთ-უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას აკრიტიკებს და წერს, რომ აშშ-მ, ევროპამ და უკრაინამ მშვიდობის გეგმები "პანგენდერ უკანალებში" უნდა "გაიკეთონ". 

ამის შესახებ მედვედევი X-ზე წერს

"მაკრონს, მერცს, სტარმერსა და ტუსკს კიევში მშვიდობა უნდა განეხილათ. ნაცვლად ამისა, ისინი რუსეთს დაუფიქრებლად ემუქრებიან. ან ზავი ბანდერისტების ურდოს დასასვენებლად ან ახალი სანქციები. თქვენი აზრით, ეს ჭკვიანურია, ჰო? გაიკეთეთ ეს მშვიდობის გეგმები თქვენს პანგენდერ უკანალებში!" - წერს მედვედევი.

მანამდე, აშშ, უკრაინა და ევროპა 12 მაისიდან, 30 დღით ცეცხლი სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუ ამ ინიციატივას მხარს რუსეთის დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი დასავლური სანქციები დაუწესდება.

ზავის წინადადებას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. მან კრემლის პროპაგანდისტთან ინტერვიუში დასავლელი ლიდერების მიერ გახმოვანებულ შესაძლო დამატებით სანქციებზე თქვა, რომ ეს რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან რუსეთი "სანქციებს უკვე შეეჩვია". 

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არის სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში, მინიმუმ 30 დღით, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება". - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, ამან შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზა გაუხსნას.

მანამდე, 9 მაისსაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. 

"განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად განგრძობადი ძალისხმევის საჭიროებაც, მათ შორის, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ტრამპმა შეკითხვები დასვა ბრძოლის ველზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ და მე მას მოკლედ გავაცანი ეს. 

ასევე შევატყობინე, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, დღეს რომც დაიწყოს. ჩვენ რუსეთს ველოდებით, რათა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას". - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე. 

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ თქვა, აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს. 

"აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ". - წერს ტრამპი.

10 მაისს კიევში გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ჩავიდნენ.

"აშშ-სთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დაეთანხმოს სრულ და უპირობო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის". - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები