ვარაუდები - მხოლოდ ეს შეიძლება გამოითქვას პაპი ლეო მეთოთხმეტის პონტიფიკატის შესახებ, რომელიც რამდენიმე საათია დაიწყო. როგორც განვლილმა კვირებმა დაადასტურა, როცა დასახელებულ საპაპო კანდიდატებში ახლადარჩეული პაპის გვარი იშვიათად გვხდებოდა - ვარაუდები საშიშია.
რომაული გამოთქმა (რომელსაც ამ დღეებში ტაბულაზე ნახავდით), რომ "ის, ვინც კონკლავზე პაპად შედის, კარდინალად ბრუნდება" კიდევ ერთხელ ახდა. აივანზე არ გამოსულა არც კარდინალი პაროლინი, არც ფილიპინელი "აზიელი ფრანცისკე" და არც კონსერვატორი ერდო, სარა თუ პიცაბალა.
ყველა კარდინალად დაბრუნდა - უმრავლესობის მიერ აუტსაიდერად მიჩნეული პრევოსტის გარდა.
პირველმა ამერიკელმა პაპმა არ აირჩია მსოფლიოს წარსდგომოდა არატრადიციულად შემოსილი, როგორც ეს მისმა წინამორბედმა ისურვა. სახელი, რომელიც მან აიღო, ასევე არაფრით ჰგავს ხორხე მარიო ბერგოლიოს მიერ შერჩეულს - რომელიც მისი სახელის პირველად იწოდებოდა.
დამეთანხმებით, რომ აირჩიო სახელი, რომელიც შენამდე ცამეტს ერქვა, არ ჰგავს იმ კაცის არჩევანს, რომელსაც ტრადიციისგან რადიკალური წყვეტა სურს.
მის პირველივე სიტყვაში მკაფიოდ ჩანდა სახარებისა და მისიონერობის ცენტრალურობა.
"მშვიდობა თქვენდა" - აღმდგარი მაცხოვრის ამ სიტყვებით მოგვესალმა რომის 267-ე ეპისკოპოსი.
მოხდა ერთი უცნაურობაც: ამერიკელმა პაპმა მოგვმართა იტალიურად და ესპანურად, მაგრამ არა მშობლიურ, ინგლისურ ენაზე.
რატომ? კაცმა არ იცის.
შესაძლოა, ამერიკელ პაპს არ სურს მისი ახალი როლის "ლოკალიზება"?
ბოლოსდაბოლოს, როცა რამდენიმე საათის წინ, კარდინალმა რობერტ-ფრანცისკე პრევოსტმა კენჭისყრის შემდეგ დასმულ კითხვას:
Acceptasne electionem de te canonice factam in Summum Pontificem?
იღებ თუ არა შენს კანონიკურ არჩევას უზენაეს პონტიფექსად?
უპასუხა, რომ Accepto - იღებს - ის გადაიქცა უნივერსალური ეკლესიის პაპად და რომის ეპისკოპოსად.
ამის თქმა სურდა ლეო მეთოთხმეტეს, რომელსაც ინგლისურად სიტყვა არ დასცდა? არ ვიცით.
ვინ არის ის, და რას გააკეთებს?
შეგვიძლია, ბევრი გავიგოთ მის წარსულზე და ვიმსჯელოთ ამ წარსულით - გავიგებთ კიდეც, როცა მედიაში შოკი გადაივლის, სხვა კანდიდატების გამზადებულ ფოტოებს, სტატიებსა და ბიოგრაფიებს გამოვიტირებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვქონდეს მხედველობაში:
ნებისმიერ თანამდებობაზე უვადოდ არჩევას, განსაკუთრებით, თუ მას დიდ ძალაუფლება და, მითუმეტეს, უზენაესი ძალაუფლება მოჰყვება, უცნაურობა ახასიათებს:
ადამიანები იცვლებიან (ამაში ბიძინა ივანიშვილი დამეთანხმება, რომელსაც წინა ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ინაუგურაციის შემდეგ უმტყუნა).
ვინც უნდა იყოს ახალი პაპი, ჩამოყალიბდება ქართული მედია მასზე, როგორც ლეოზე თუ ლეონზე, ერთი რამ ცხადია ჩვენთვის, კათოლიკეთათვის: ჩვენ გვყავს მამა, როგორც ეკლესიის ურღვეობისა და რწმენის ურყვნელობის გარანტი.
რომც მოინდომოს, პაპი პრევოსტი ეკლესიას ვერ დაანგრევს.
რადგან ის იქ მხოლოდ მოსაყდრეა.