პაპმა ლეომ მიანიშნა, რომ იგი პაპი ფრანცისკეს ხედვისა და რეფორმების გამგრძელებელი იქნება. ახლად არჩეულმა პაპმა კარდინალებს უთხრა, რომ 21 აპრილს გარდაცვლილმა პონტიფექსმა "ძვირფასი მემკვიდრეობა" დატოვა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამასთან, 8 მაისს უზენაეს პონტიფექსად არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველ შეხვედრაზე, პაპმა ლეომ მათ სთხოვა, მუშაობა განაახლონ ეკლესიის რეფორმებზე, რომლებიც ვატიკანის II კრებამ 1960-იან წლებში დაამტკიცა.
პაპი ლეოს თქმით, ფრანცისკემ, რომელსაც სურდა, მეტად ტრადიციული კათოლიკე ეკლესია თანამედროვე მსოფლიოსთვის ღია გაეხადა, "მსახურებისადმი სრული ერთგულების მაგალითი" აჩვენა.
"მოდით, მივიღოთ ეს ძვირფასი მემკვიდრეობა და გავაგრძელოთ ეს გზა". - უთხრა ახალმა პაპმა კარდინალებს.
პონტიფექსმა კარდინალებს სთხოვა, მასთან ერთად განეახლებინათ ვატიკანის II კრებაზე მიღებულ რეფორმებზე მუშაობა, რომელთა შორისაც შედიოდა წირვის ჩატარება ლათინური ენის ნაცვლად ადგილობრივ ენებზე და სხვა რელიგიებთან დიალოგი.
გარდაცვალებამდე ფრანცისკე რომის უზენაესი პონტიფექსი 12 წლის განმავლობაში იყო. მას ხშირად აკრიტიკებდნენ კონსერვატორი კარდინალები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ფრანცისკე ზედმეტად ასუსტებდა ეკლესიის დოქტრინას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა LGBT თემის წარმომადგენელი კათოლიკეების მიმღებლობა და ქალთა ლიდერობა.
ლეო, ყოფილი კარდინალი რობერტ პრევოსტი, მსოფლიოსთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი კარდინალი იყო, სანამ 8 მაისს პეტრე მოციქულის 267-ე მემკვიდრედ აირჩევდნენ. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი მისიონერად მან პერუში გაატარა.
2015 წელს პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად აკურთხა. 2018-2020 წლებში იგი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ხოლო 2023 წელს პაპმა პრევოსტი რომში გამოიძახა, მთავარეპისკოპოსად აკურთხა და დანიშნა გავლენიან პოზიციებზე: ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტად და ლათინური ამერიკისთვის პონტიფექსის კომისიის პრეზიდენტად. გასული წლის იანვარში კი პაპმა ფრანცისკემ პრევოსტს კარდინალობაც უბოძა.
10 მაისს ახალმა პაპმა განაცხადა, რომ მან სახელი - ლეო XIV - სხვა მიზეზებთან ერთად, 1878-1903 წლებში მოღვაწე პაპის, ლეო XIII-ის პატივსაცემად აიღო. ლეო XII ისტორიისთვის ცნობილია, როგორც სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერი პაპი, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის დროს მომუშავეების სამართლიან მოპყრობასა და ანაზღაურებაზე აკეთებდა აქცენტს.





